ოჯახი
ოჯახი — ქორწინების თუ ნათესაობის საფუძველზე შექმნილი მცირე სოციალური ჯგუფი, რომლის წევრები დაკავშირებული არიან ერთმანეთთან ყოფა-ცხოვრების ერთიანობით, ურთიერთმხარდაჭერით და მორალური პასუხისმგებლობით. ოჯახის სოციალურ აუცილებლობას განაპირობებს საზოგადოების ფიზიკური და სულიერი განახლების მოთხოვნილება. ამ სოციალური ერთეულის ბიოლოგიურ საწყისს ქორწინება და შობადობა წარმოადგენს. ოჯახი საზოგადოების სპეციფიური ქვესისტემაა, რომელიც ურთიერთგანმსაზღვრელ კავშირშია საზოგადოების სხვა ქვესისტემებთან (თუმცა გარკვეული დამოუკიდებლობითაც ხასიათდება); მას აქვს განვითარების ფაზები და ოჯახის წევრთა გარკვეული სტრუქტურა.
ოჯახის საზოგადოებრივი მნიშვნელობა გამომდინარეობს მისი მრავალფეროვანი ფუნქციებიდან, რომლებიც მთელი საზოგადოებისა თუ პიროვნების მოთხოვნილებების განვითარების კვალდაკვალ იცვლება. ერთი რიგის ფუნქციები თითქმის მუდმივად ინარჩუნებენ ძირითადობას, მეორენი, სხვადასხვა კულტურულ-ისტორიულ თუ სოციალურ-ეკონომიკური წყობის პირობებში, სხვადასხვა ძალით მოქმედებენ ან ქრებიან. მესამენი კი თანდათან მზარდ საზოგადოების მნიშნელობას იძენენ.
ოჯახი აღმოცენდა პირველყოფილ საზოგადოებაში (შუა პალეოლითი) ქორწინების, როგორც სოციალური ინსტიტუტის, წარმოშობის კვალდაკვალ. ქორწინებისა და ოჯახის, როგორც სოციალური მოვლენის, პირველი ფორმა იყო წყვილადი ოჯახი (ერთი წყვილის არა მარტო სქესობრივი, არამედ სოციალურ-ეკონომიკური კავშირი, რომელმაც შეცვალა მანამდე არსებული ჯგუფობრივი სქესობრივი ურთიერთობა). მაგრამ წყვილადი ოჯახი, მტკიცე არ იყო და ადვილად იშლებოდა. ამას განაპირობებდა ის ფაქტი, რომ ოჯახის განვითარების ამ საფეხურზე ადამიანთა შრომითი და ყოფა-ცხოვრებითი ერთობის ფორმას, ძირითად სოციალურ ორგანიზმს, გვარი წარმოადგენდა.
თანამედროვე ტენდენციებისა და განსაკუთრებით დასავლეთის საზოგადოების რეალობის გათვალისწინებით, ოჯახი განიმარტება შემდეგნაირად: „ოჯახი არის დაქორწინებული მეუღლეები შვილებით ან მათ გარეშე, ან მარტოხელა მშობელი შვილით“. ამგვარად, ოჯახი არის საზოგადოების უჯრედი (მცირე სოციალური ჯგუფი) დაფუძნებული ცოლ-ქმრულ კავშირსა და ნათესაურ ურთიერთობებზე, ანუ იგი მოიცავს ცოლქმარს შორის, მშობლებსა და შვილებს შორის, დებსა და ძმებს შორის და სხვა ნათესავებს შორის ურთიერთობებს, ურთიერთობებს იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ერთად ცხოვრობენ და უძღვებიან საერთო მეურნეობას. ოჯახი ასრულებს უდიდეს როლს, როგორც ცალკეული პიროვნების, ასევე მთელი საზოგადოების ცხოვრებაში. ოჯახი სოციალურ-ბიოლოგიური წარმონაქმნია. მას განაპირობებენ, როგორც სოციალური, ასევე ბიოლოგიური მოთხოვნილებები (სქესობრივი ინსტიქტები).[1]
საქართველოს სამოქალაქო სამართლის მიხედვით, ოჯახი ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია სახელმწიფო ორგანოში, რამდენადაც, სამართლებრივი თვალსაზრისით, მხოლოდ ასეთი რეგისტრაცია წარმოშობს მეუღლეთა შორის გარკვეულ უფლებებსა და მოვალეობებს.[2]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ოჯახი“ ვიკისაწყობში.
- ოჯახი – ენციკლოპედია ბრიტანიკა (ინგლისური)
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ბექაია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 626-627, თბ., 1984 წელი.
- ბექაია მ., ოჯახის განვითარების სოციალური პრობლემები, თბ., 1980;
- ითონიშვილი ვ., ქართველ მთიელთა საოჯახო ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1960;
- ნადარეიშვილი მ., ქართული საოჯახო სამართლის ისტორიიდან, თბ., 1965;
- ჭყონია ი., ქორწინების ინსტიტუტი მთიულეთში, თბ., 1955.