ლათინური ამერიკა
ლათინური ამერიკა
ფართობი | 21,069,501 კმ² |
---|---|
მოსახლეობა | 569 მილიონი |
ქვეყნები | 34 |
კოლონიები | 14 |
მშპ | $3.33 ტრილიონი (ვალუტის გაცვლითი კურსი) $5.62 ტრილიონი (მსყიდველობითი უნარის პარიტეტი) |
ენები | ესპანური, პორტუგალიური, ფრანგული, კეჩუა, აიმარა, და მრავალი სხვა. |
დროითი სარტყელი | UTC-2 (ბრაზილია) UTC-8 (მექსიკა) |
დიდი ქალაქები | მეხიკო რიო-დე-ჟანეირო ბუენოს-აირესი სან-პაულუ სანტიაგო ჰავანა პორტუ-ალეგრი კარაკასი |
ლათინური ამერიკა (ესპ. América Latina, Latinoamérica; პორტ. América Latina; ფრანგ. Amérique latine; ინგლ. Latin America) — ამერიკის კონტინენტის რეგიონი, სადაც ძირითადი სალაპარაკო ენებია რომანული ენები, ძირითადად ესპანური და პორტუგალიური, ასევე ზოგან ფრანგული.[1][2] გადაჭიმულია აშშ-ის სამხრეთი საზღვრიდან ანტარქტიკამდე და მისი ფართობი დაახლოებით 21 069 500 კმ²-ია, დედამიწის მთლიანი ფართობის 3,9% და ხმელეთის ფართობის 14,1%. სამხრეთით ესაზღვრება სამხრეთის ოკეანე, აღმოსავლეთით ატლანტის ოკეანე, ჩრდილოეთით აშშ, დასავლეთით წყნარი ოკეანე. 2010 წლის მონაცემებით, რეგიონის მოსახლეობა 590 მილიონ ადამიანს შეადგენდა[3] და მისი მთლიანი მშპ 5,16 ტრილიონი აშშ დოლარი იყო.[4] 2011 წელს, ლათინური ამერიკის ეკონომიკურმა ზრდის მაჩვენებელმა 4% შეადგინა.[5]
სექციების სია |
[რედაქტირება] ეტიმოლოგია
თავდაპირველად ტერმინი „ლათინური ამერიკა“ თავის თავში გულისხმობდა (და ლინგვისტური და ნაწილობრივ ეთნიკური თვალსაზრისით დღესაც გულისხმობს) ამერიკის იმ ნაწილს სადაც სასაუბრო ენა იყო რომანული ენები ანუ ესპანური, პორტუგალიური და ფრანგული; მაგრამ დღეს რეგიონს ძირითადად კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით გამოარჩევენ და აშშ-სა და კანადის გარდა მთელ მატერიკზე ვრცელდება.
[რედაქტირება] დაყოფა
გეოგრაფიულად, პოლიტიკურად, დემოგრაფიულად და კულტურულად ლათინური ამერიკა რამდენიმე სუბრეგიონად შეიძლება დაიყოს. მისი გეოგრაფიული სუბრეგიონებია ჩრდილოეთ ამერიკა, ცენტრალური ამერიკა, კარიბები და სამხრეთ ამერიკა.[6] ეს უკანასკნელი (სამხრეთ ამერიკა) პოლიტიკურ-გეოგრაფიულად შეიძლება დაიყოს ისეთ სუბრეგიონებად, როგორებიცაა სამხრეთის კონუსი და ანდების სახელმწიფოები. ლინგვისტურ საფუძველზე კი რეგიონს ყოფენ ესპანურ და პორტუგალიურ ამერიკად.
ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დიდ სამეულზე ბრაზილია-მექსიკა-არგენტინაზე მოდის. ლათინურ ამერიკაში 34 სუვერენული სახელმწიფოა და 15 კოლონია, რომელთა ძირითადი ნაწილი პატარ-პატარა კუნძულებია და კარიბის ზღვის ზონაში მდებარეობენ. კოლონიათა უდიდეს ნაწილს ამერიკის აღმოჩენის შემდეგ აქ ესპანეთი ფლობდა, რომელსაც კონკურენციას მხოლოდ პორტუგალია უწევდა, ხოლო მათთან შედარებით მცირე სამფლობელოები საფრანგეთს, გაერთიანებულ სამეფოს, ჰოლანდიას, შვედეთს და დანიას ჰქონდათ. თანამედროვე პოლიტიკურ რუკაზე ლათინური ამერიკის ტერიტორიაზე მხოლოდ 4 კოლონიზატორი ქვეყნის ტერიტორიებია:საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ს და ნიდერლანდის. ყველაზე მეტი კოლონია გაერთიანებულ სამეფოს აქვს, თუმცა ფართობის თვალსაზრისით საფრანგეთი პირველობს.
ლათინური ამერიკის სუბრეგიონებად დაყოფის მრავალი ვარიანტი არსებობს, თუმცა ყველაზე მიღებული მისი 4 ნაწილად დაყოფაა:
- ჩრდილოეთი ამერიკა - 1 დამოუკიდებელი სახელმწიფო: მექსიკა.
- ცენტრალური ამერიკა - 7 დამოუკიდებელი სახელმწიფო: ბელიზი, გვატემალა, სალვადორი, ჰონდურასი, ნიკარაგუა, კოსტა რიკა, პანამა.
- სამხრეთი ამერიკა - 12 დამოუკიდებელი და 2 დამოკიდებული ტერიტორია: კოლუმბია, ვენესუელა, გაიანა, სურინამი, ბრაზილია, ეკვადორი, პერუ, ბოლივია, ჩილე, პარაგვაი, არგენტინა, ურუგვაი, საფრანგეთის გვიანა,ფოლკლენდის კუნძულები.
- კარიბები - 14 დამოუკიდებელი და 13 დამოკიდებული ტერიტორია: ბაჰამის კუნძულები, კუბა, ჰაიტი, დომინიკელთა რესპუბლიკა, იამაიკა, სენტ კრისტოფერი და ნევისი, ანტიგუა და ბარბუდა, დომინიკა, სენტ ლუსია, ბარბადოსი, სენტ ვინსენტი და გრენადინები, გრენადა, ტრინიდადი და ტობაგო, პუერტო რიკო, არუბა, ნიდერლანდის ანტილები , სენ-მარტინი, სენ-ბართელმი, ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები, კაიმანის კუნძულები, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, ვირჯინის კუნძულები, ანგილია, მონსერატი, გვადელუპა, მარტინიკა.
[რედაქტირება] გეოგრაფია
ლათინური ამერიკის გეოლოგიური აგებულება რთულია, რაც თავის მხრივ კარგად ჩანს რელიეფის მრავალფეროვნებაში. აქ მდებარეობს მსოფლიოს გრძელი მთათა სისტემა კორდილიერები-ანდები, რომელიც დაახლოებით 18.000 კმ-ზეა გადაჭიმული ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. მასზე მდებარეობს დასავლეთ ნახევარსფეროს უმაღლესი მწვერვალი - აკონკაგუა (6960 მ). აქვეა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი დაბლობი - ამაზონია, ასევე მრავალი მთიანეთი და ზეგანი. რელიეფის მრავალფეროვნება, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია გეოლოგიურ სტრუქტურაში ორი ძირითადი ელემენტის არსებობით: მოძრავი, აქტიურად განვითარებადი ანდების მთათა სარტყელი და ძველი სამხრეთ ამერიკის ბაქანი, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში.
რეგიონის ჩრდილოეთი ნაწილი - მექსიკა, ძირითადად მთიანი ქვეყანაა, სანაპირო დაბლობებით.
ცენტრალური ამერიკის ვესტ-ინდოეთის რელიეფი მოზაიკურია. აქ გვხვდება დაბალი და მოკლე მთები, რომლებსაც ძირითადად განედური მიმართულება აქვს. ცენტრალური ამერიკა აქტიური სეისმური ზონაა. კოლუმბიაში, ბოლო პერიოდში ვულკან რუისის მოქმედებას 1985-1986 წლებში ჰქონდა ადგილი. 1985 წელს კი მეხიკოში მოხდა ძლიერი მიწისძვრა.
სამხრეთ ამერიკის გეოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს ფართო ბაქანი. რელიეფში ძირითადად წარმოდგენილია ამაზონის დაბლობი, ბრაზილიის მთიანეთი, გვიანის მთიანეთი, ლა-პლატის დაბლობი. რაც შეეხება სამხრეთ ამერიკის დასავლეთ ნაწილს, აქ 9.000 კმ-ზე, ვენესუელიდან ცეცხლოვან მიწამდე გადაჭიმულია ანდები. ეს მთათა სისტემა ძალიან რთული აგებულებით ხასიათდება.
[რედაქტირება] კლიმატი
ლათინური ამერიკა მდებარეობს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სუბტროპიკულ, ტროპიკულ და სუბეკვატორულ სარტყლებში და ასევე სამხრეთ ნახევარსფეროს ეკვატორულ, სუბეკვატორულ, ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერ სარტყლებში. თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, რეგიონი ღებულობს მზის მნიშვნელოვან რადიაციას, ამიტომ მისი უდიდესი ნაწილისთვის დამახასიათებელია კლიმატის ცხელი ტიპი, სადაც საშუალო თვიური ტემპერატურა +20 °C-ზე მაღალია. სეზონური ცვლილებები მჟღავნდება არა ტემპერატურათა რყევებით, არამედ ნალექების რეჟიმის ცვალებადობითაც. ჰაერის ტემპერატურის მაქსიმული დაფიქსირებულია იანვარში 48,9 °C. ცხელი კლიმატის სიჭარბე კარგ პირობებს ქმნის მცენარეთა ვეგეტაციისათვის მთელი წლის მანძილზე.
ტემპერატურის რყევის სეზონურობა მკაფიოდ ჩანს ლათინური ამერიკის მხოლოდ უკიდურეს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში. ეს ტერიტორიები ვრცელდება სუტროპიკულ და ზომიერ განედებში (მაგალითად, სანტიაგოში ყველაზე თბილი თვის საშუალო ტემპერატურა +20 °C, ყველაზე ცივის +8 °C. ცეცხლოვან მიწაზე შესაბამისად +11 და +2) და ასევე ტროპიკული სარტყლის მთიან რაიონებში. ყინვები ყოველწლიურად არის მექსიკის მთიანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ასევე პატაგონიაში, პამპას სამხრეთ-დასავლეთში, კორდილიერების მთისწინეთში, ასევე ცენტრალურ და სამხრეთ ანდებში. პატაგონიის სამხრეთ-დასავლეთში ყინვა ზაფხულობითაცაა მოსალოდნელი. ტემპარეტურის ასეთი, ხანმოკლე, მკვეთრი დაცემა შესამჩნევია როცა მაღალი განედებიდან შემოიჭრება ცივი ჰაერის მასები, რასაც ხელს უწყობს რელიეფის მერიდიანული მდებარეობა. მაგალითად, პამპეროს ცივ ქარებს შეუძლიათ ყინვების გამოწვევა სამხრეთ ამერიკაში სამხრეთ ტროპიკის საზღვარზეც კი.
ლათინური ამერიკის სხვადასხვა რეგიონებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა ნალექების მოსვლის რაოდენობასა და მათ სეზონურ განაწილებაში, რაზეც გავლენას ახდენა ატმოსფეროს ცირკულაციის თავისებვურებანი, დინებები, რელიეფი და ა.შ. ნალექების უდიდესი რაოდენობით ხასიათდება ეკვატორული ანდების წყნაროკეანური კალთები, ასევე ამ რაიონებთან ახლოს მდებარე რაიონები (დაახლოებით 10.000 მმ წელიწადში). მაგრამ ამ დროს, თითქმის უნალექოა უდაბნო ატაკამა. თუ ამაზონიაში წვიმიანი სეზონი გრძელდება მთელი წლის მანძილზე, ეს პერიოდი ბრაზილიის მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში არ აღმატება 3-4 თვეს. საერთოდ, რეგიონის ტერიტორიის 20% არ იღებს ნალექებსი საკმარის რაოდენობას. მიწათმოქმედება აქ ხელოვნურ რწყვაზეა დამოკიდებული.
[რედაქტირება] შიგა წყლები
შიგა წყლები ლათინური ამერიკის უდიდესი სიმდიდრეა. აქაური მდინერეები ეკუთვნიან როგორც წყნარი, ისე ატლანტის ოკეანის აუზებს. რეგიონის უდიდესი მდინარეა ამაზონი, რომლის სიგრძე მდინარე უკაიალის სათავიდან 7.000 კმ-ია, აუზის ფართობი კი 7 მლნ კმ²-ია და რეგიონის შვიდ სახელმწიფოს მოიცავს. ამაზონის მნიშვნელოვანი შენაკადებია ჟურუა, მადეირა, ტაპაჟოსი, ისა, ჟაპურა, რიო-ნეგრო.
რეგიონის სიდიდით მეორე მდინარეა პარანა, მისი სიგრძე 4.380 კმ-ია, ხოლო აუზის ფართობი 2.663 კმ². მისი მნიშვნელოვანი შენაკადებია: პარაგვაი, სალადო, რიო-ბერმეხო და ა.შ. მნიშვნელოვან მდინარეებს განეკუთვნება ორინოკო (2.730 კმ), აუზის ფართობი 1 მლნ კმ². მის ერთ-ერთ შენაკადზე, მდინარე ჩურუნზე მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე მაღალი ჩანჩქერი ანხელი.
ლათინური ამერიკის ტბებს შორის ყველაზე დიდია მარაკაიბო, ხოლო ანდების მაღალმთიანეთში, პერუ-ბოლივიის საზღვარზე მდებარე ტიტიკაკას ტბა მსოფლიოში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე ტბაა.
[რედაქტირება] ფლორა და ფაუნა
ლათინური ამერიკა ძალიან მდიდარია მცენარეული საფარით. იგი მნიშვნელოვანი ენდემურობით ხასიათდება. სწორედ ამ რეგიონიდან გავრცელდა მთელ მსოფლიოში სიმინდი, კარტოფილი, სორგო, ლობიო, პომიდორი, კაკაო, მზესუმზირა, გოგრა, ნესვი, თამბაქო. ტყეებს ტერიტორიის 50%-ზე მეტი უკავიათ. რეგიონში იზრდება ისეთი უნიკალური მცენარეულობა, როგორიცაა ბრაზილიისა და ჩილეს არაუკარია, წითელი ხე, პაუ-ბრაზილი, შავი ხე, ქინაქინის ხე, სეიბას ხე, კამპეშის ხე. მრავლად არის სხვადასხვა სახის კაქტუსი. მრავალი სახეობის მცენარეს დიდი გამოყენება აქვს მრეწველობასა და სამედიცინო საქმიანობაში.
ასევე მრავალფეროვნებით გამოირჩევა ლათინური ამერიკის ცხოველთა სამყარო. აქ წარმოდგენილია ნიანგების სხვადასხვა სახეობა, ღამურები, კუ, მაიმუნების მრავალი სახეობა, ტაპირი, ზარმაცა, ჯავშნოსანი, ჭიანჭველაჭამია, იაგუარი, პუმა, პატარა ირემი, მაგელანის ძაღლი და ა.შ.
[რედაქტირება] სასარგებლო წიაღისეული
ლათინური ამერიკა უზრუნველყოფილია პრაქტიკულად ყველა სახის სასარგებლო წიაღისეულით, ზოგიერთი სახეობით კი მას მსოფლიო მნიშვნელობა გააჩნია. ენერგეტიკული რესურსებიდან აღსანიშნავია: ნავთობი, ბუნებრივი გაზი, ნახშირი. ნავთობის უდიდეს მარაგს ფლობს მექსიკა და ვენესუელა. ბუნებრივი გაზით მდიდარია მექსიკა, ვენესუელა, არგენტინა, ტრინიდადი და ტობაგო. ვენესუელაში ნავთობისა და გაზის უდიდესი მარაგი თავმოყრილია მარაკაიბოს ტბის აუზში, მექსიკაში კი ძირითადად კამპეჩეს ყურესა და ჩინონტეპეკის რაიონში. ნავთობის დიდი მარაგია ფოლკლენდის კუნძულების ირგვლივ ოკეანეში.
ნახშირის მარაგით გამოირჩევა ბრაზილია, კოლუმბია, ვენესუელა, არგენტინა და ჩილე.
რეგიონი გამოირჩევა რკინის მადნის მნიშვნელოვანი მარაგით, სადაც განსაკუთრებულია ბრაზილიის როლი (მასზე მოდის რეგიონის რკინის მადნის 80%). რკინის მადანს მოიპოვებენ ასევე პერუსა და ვენესუელაში. რეგიონის მნიშვნელობა განსაკუთრებულია სპილენძის მარაგისა და მოპოვების მხრივ. აღსანიშნავია ჩილე (მთლი რეგიონის მარაგის 67%), ასევე პანამა, მექსიკა, ბრაზილია.
რეგიონი გამოირჩევა ნიობიუმის განსაკუთრებული მარაგით (მსოფლიო მარაგის 85%). მთელი მარაგი თავმოყრილია ბრაზილიაში. ეს რეგიონი ასევე მდიდარია შემდეგი სასარგებლო წიაღისეულით: მოლიბდენი (ჩილე, მექსიკა, პერუ), მანგანუმი (ბრაზილია), ბოქსიტები (ბრაზილია, ვენესუელა, იამაიკა, სურინამი), ტყვია-თუთია (მექსიკა, ბრაზლილია, ბოლივია), სტიბიუმი (ბოლივია, მექსიკა), ბერილიუმი (ბრაზილია, არგენტინა), ფოსფატები (პერუ, ბრაზილია, მექსიკა), გოგირდი (ჩილე, მექსიკა), ვერცხლი (მექსიკა,პერუ).
[რედაქტირება] მოსახლეობა
მოსახლეობა ლათინურ ამერიკაში 570 მილიონს აღწევს. უდიდესი ქვეყნებია ბრაზილია (196,3 მლნ), მექსიკა (106,7 მლნ), არგენტინა (40,5 მლნ), კოლუმბია (44,8 მლნ), პერუ (29,2 მლნ), ვენესუელა (28,2 მლნ). რასობრივად მოსახლეობა ძალიან არაერთგვაროვანია, რაც ამერიკის კოლონიზაციის დროს ჩამოყალიბდა. გარდა ევროპელებისა და კავკასიელებისა [საჭიროებს წყაროს მითითებას], რომლებმაც ამერიკას საკუთარი ნებით მიაშურეს, ასევე დიდი ოდენობით ხდებოდა კარიბებსა და ბრაზილიაში შავკანიან მონათა შემოყვანა, რომლებსაც ევროპელი კოლონიზატორები სამუშაო ძალად იყენებდნენ. ასევე საკმაოდ დიდი რაოდენობით ემიგრანტი მოედინებოდა ბრაზილიასა და პერუში ჩინეთიდან და იაპონიიდან. მოსახლეობაში გამოირჩევიან ევროპული წარმოშობის თეთრკანიანები (34.8%), მეტისები (27.5%), მულატები (17.4%), ამერიკელი ინდიელები (10.1%), ზანგები (5.4%), სამბოები , აზიური წარმოშობის ყვითელკანიანები და სხვადასხვა შერეული რასის წარმომადგენლები.
[რედაქტირება] ენები
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- Latin Intelligence Service
- Latin American Network Information Center
- Washington Office on Latin America
- Council on Hemispheric Affairs
- Infolatam. Information and analysis of Latin America
- Map of Land Cover: Latin America and Caribbean (FAO)
- Lessons From Latin America by Benjamin Dangl, The Nation, March 4, 2009
- Keeping Latin America on the World News Agenda – Interview with Michael Reid of The Economist
- [1]
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Colburn, Forrest D (2002). Latin America at the End of Politics. Princeton University Press. ISBN 978-0-691-09181-5.
- ↑ "Latin America." The New Oxford Dictionary of English. Pearsall, J., ed. 2001. Oxford, UK: Oxford University Press; p. 1040: "The parts of the American continent where Spanish or Portuguese is the main national language (i.e. Mexico and, in effect, the whole of Central and South America including many of the Caribbean islands)."
- ↑ CIA - The World Factbook
- ↑ GDP (PPP) estimates for 2010
- ↑ IMF WEO Oct. 2010 Retrieved on October 15, 2010
- ↑ María Alejandra Acosta García; Sheridan González, Ma. de Lourdes Romero, Luis Reza, Araceli Salinas (June 2011). "Three", რედ. CONALITEG: Geografía, Quinto Grado (Geography, Fifth Grade), Second Edition, Mexico City: Secretaría de Educación Pública (Secretariat of Public Education), 75–83 გვ..
|